ტუბერკულოზი – უსასროლო ომი

ძალიან დიდი თავშეკავება მჭირდებოდა, რომ ამ ბლოგზე ტუბერკულოზზე არაფერი არ დამეწერა. მოთმინების ეს უნარი ნამდვილად გასაკვირია, ტუბერკულოზი ხომ ერთ-ერთი უძველესი ინფექციაა და შესაბამისად, ყველაში უდიდეს ინტერესს იწვევს!

მაგრამ მეტი მოთმინება აღარ მოგვიწევს.

ლოდინი დასრულდა.

ჩვენი დრო მოვიდა!

რადგან..

24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება და როდის, თუ არა ახლა, და სად, თუ არა აქ, ტუბერკულოზზე უნდა ვისაუბროთ.

ტუბერკულოზის აღსანიშნავად 24 მარტი საგანგებოდ შერჩეული თარიღია. 1882 წელს, სწორედ ამ დღეს, გერმანელი ექიმი და მიკრობიოლოგი, რობერტ კოხი, ბერლინში გერმანულ ფიზიოლოგიურ ასოციაციის წინაშე გამოვიდა და განაცხადა, რომ ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა და მან ამ დაავადების გამომწვევი აღმოაჩინა.

ეს იმ დროისთვის უდიდესი მოვლენა იყო. მანამდე ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ ტუბერკულოზი თანდაყოლილ დაავადებას წარმოადგენდა. შესაბამისად, ტუბერკულოზს გადამდებად არ მიიჩნევდნენ და არც დაავადების გავრცელების პრევენციისთვის შესაბამის ზომებს იღებდნენ. ინფექციური დაავადების შემთხვევაში გამომწვევის აღმოჩენა და მისი ბუნების დადგენა უმნიშვნელოვანესია დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციისთვის.

შესაბამისად, ალბათ წარმოგიდგენიათ, თუ როგორ შეხვდა სამედიცინო საზოგადოება კოხის გამოსვლას…

..ამ განცხადებას განსაკუთრებული რეაქცია არ მოჰყოლია. მეტიც, გამოჩენილი მეცნიერი რუდოლფ ვირხოვი, კოხის განცხადებას სკეპტიკურად შეხვდა. ის მიკრობული თეორიის მოწინააღმდეგე იყო და მხოლოდ თავისი თეორიის სჯეროდა, რომლითაც ყველა დაავადების გამომწვევად უჯრედების გაუმართავ აქტივობას მიიჩნევდა. ვირხოვისგან ეს რეაქცია ადვილი გასაგებია – ის ყველაფერს უჯრედის შიგნიდან უყურებდა და როგორც ჩანს, დიდი სურათის დანახვა უჭირდა. მისი მოსაზრება, რომ ყველა დაავადება უჯრედების გაუმართავი მუშაობით არის გამოწვეული, არასწორი არ არის, რადგან ორგანიზმი უჯრედებისგან არის აგებული და ბუნებრივია, ყველა დარღვევა უჯრედის და უჯრედული პროცესების დარღვევასთან არის დაკავშირებული. მაგრამ ეს არაფრით გამორიცხავს, რომ ტუბერკულოზს მიკობაქტერია იწვევს, რომელიც, ასევე, ორგანიზმში უჯრედების მთლიანობას არღვევს.

საბოლოოდ, სამედიცინო საზოგადოებამ კოხის აღმოჩენა აღიარა და 1905 წელს ამ აღმოჩენისთვის მან ნობელის პრემია მიიღო ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან არსებობს, დღესდღეობით განკურნებადი დაავადებაა და სამკურნალო მედიკამენტებიც არსებობს, ტუბერკულოზი მაინც რჩება მსოფლიო ჯანდაცვის გამოწვევად. ტუბერკულოზი მეორე ადგილზეა ყველაზე მომაკვდინებელ ინფექციურ დაავადებებს შორის (პირველ ადგილზე COVID-19-ა). 2022 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზით 1.3 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ანუ, მხოლოდ ერთ წელიწადში ტუბერკულოზმა მილიონზე მეტი ადამიანი მოკლა. ხოლო იმავე წელს, 10.6 მილიონი ადამიანი დაავადდა. ეს ტენდენცია ბოლო წლებში მსგავსია, ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ხდება ავად ტუბერკულოზით.

ტუბერკულოზის დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჯერ კიდევ ეგვიპტურ მუმიებშია აღმოჩენილი, რომლებიც ქრისტეშობამდე 2400 წლით თარიღდება. თუმცა დაავადების ბუნებისა და გამომწვევის შესახებ 1882 წლამდე არაფერი იყო ცნობილი.

სიყვარული ჟამიანობის დროს

მე-19 საუკუნეში ტუბერკულოზი რომანტიკულ საბურველში იყო გახვეული. მწერლები და პოეტები ამ სასიკვდილო დაავადებას მგზნებარედ და აღფრთოვანებით ასახავდნენ თავიანთ ნაწარმოებებში. ამ დამოკიდებულებამ ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ ქალები ხშირად სახეს თეთრად იპუდრავდნენ, რათა ტუბერკულოზით დაავადებულივით გაფითრებული კანი ჰქონოდათ.

შოპენი უსაზღვრო სინატიფით ახველებს

– წერდა ჟორჟ სანდი მადამ დაგუს წერილში თავისი შეყვარებულის, ფრედერიკ შოპენის შესახებ. სანდი ტუბერკულოზით დაავადებულ შოპენს საბრალო მელანქოლიურ ანგელოზს ეძახდა.

მსურს, ტუბერკულოზით მოვკვდე – ამბობდა ლორდი ბაირონი, რამაც ხელი შეუწყო დაავადების როგორც ხელოვანების დაავადებად პოპულარიზებას.

ცოტა უცნაურად ჟღერს იმ დაავადების გარომანტიზება, რომლის დროსაც სისხლს ახველებ, ძალღონეს კარგავ და მუდმივად სიცხე გაქვს, არა? ჰო, მე-19 საუკუნეში ხალხი ცოტა უცნაური იყო. ალბათ იმიტომ, რომ ამდენი თავისუფალი დროის ინსტაგრამისა და ტიკტოკის სქროლვაში გატარების შესაძლებლობა არ ჰქონდათ და სანაცვლოდ, დროს რომელიმე დაავადების გარომანტიზებაში ხარჯავდნენ.

ახალი იმედი

მე-20 საუკუნე მრავალი აღმოჩენის საუკუნე იყო. კაცობრიობამ დიდი ნახტომი გააკეთა ყველა სფეროში, მათ შორის, მედიცინაშიც. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა ალექსანდერ ფლემინგმა პენიცილინი, პირველი ანტიბიოტიკი, რომელმაც მრავალი ინფექციური დაავადების მკურნალობაში უდიდესი როლი შეასრულა. ცოტა ხანშივე აღმოაჩინეს სტრეპტომიცინი, რომელიც ტუბერკულოზის სამკურნალო პირველ მედიკამენტად იქცა, ხოლო შემდეგ პარაამინოსალიცილის მჟავა (რომელსაც ტუბერკულოზის სფეროში მომუშავენი შინაურულად პას-ს ვეძახით). სტრეპტომიცინი და პას-ი კომბინაციაში სამკურნალოდ გამოიყენებოდა. მალე უშუალოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები, იზონიაზიდი და რიფამპიცინი გამოჩნდა. ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიის გარსი საკმაოდ მედეგია, ამიტომ ანტიბიოტიკების უმეტესობა მასთან უძლურია. ხოლო იზონიაზიდი და რიფამპცინი კი მას კარგად ერეოდნენ. ეს ორი მედიკამენტი დღემდე რჩება ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტებად.

ტუბერკულოზის საპასუხო დარტყმა

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკების გამოჩენამ კაცობრიობას იმედი მოგვცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი დაავადება დამარცხდებოდა. თუმცა ეს იმედი მალევე მიინავლა, როდესაც 80-იან წლებში ტუბერკულოზის წამალგამძლე შტამები გამოჩნდა. ანუ, როგორც ტუბერკულოზმა, ასევე იმპერიამ საპასუხო დარტყმა 80-იან წლებში განახორციელეს (🚨 Nerd alert). მსოფლიოში  შემთხვევების ზრდის საპასუხოდ, 1993 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ტუბერკულოზი გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

წამალგამძლე შტამებთან საბრძოლველად მეამბოხეები.. უკაცრავად, მეცნიერები, დატრიალდნენ და ახალი ანტიბიოტიკებიც შეიმუშავეს, ზოგიერტი არსებული ანტიბიოტიკი (რომლებიც სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა) ახალი დანიშნულებით გამოიყენეს და ტუბერკულოზის წამალგამძლე ფორმისთვის ახალი სამკურნალო რეჟიმები შეიმუშავეს, რაც რამდენიმე მედიკამენტის კომბინაციას მოიცავდა.

ამჟამად ტუბერკულოზის როგორც წამლისადმი მგრძნობიარე, ასევე წამალგამძლე ფორმების მკურნალობისთვის შესაბამისი რეჟიმები არსებობს და ტუბერკულოზი სრულად განკურნებად დაავადებას მიეკუთვნება.

მსოფლიოში, ტუბერკულოზის სამკურნალოდ მედიკამენტების  უშუალო მეთვალყურეობით მიღების პრაქტიკაა დანერგილი, რაც გულისხმობს მედიკამენტის მედდის დაკვირვების ქვეშ მიღებას. ამ დროს პაციენტები ტუბ.დაწესებულებაში მიდიან და მედიკამენტებს ადგილზე იღებენ. იმისათვის, რომ პაციენტებისთვის უფრო კომფორტული და იოლი გამხდარიყო მედიკამენტების მიღება, ბოლო დროს ახალი მეთოდები დაინერგა. მაგალითად, წამლის ვიდეომეთვალყურეობით მიღება – ამ დროს პაციენტი მედდას ვიდეოზარით უკავშირდება და მისთვის სასურველი ადგილიდან (მაგ. სახლში) იღებს წამალს, შესაბამისად, ტუბ.დაწესებულებაში ყოველ დღე სიარული არ უწევს. ასევე შემუშავდა სპეციალური აპლიკაცია, რა დროსაც, პაციენტი წამლის მიღების პროცესში ვიდეოს იღებს და აპლიკაციაში ტვირთავს – ამ ვიდეოს შემდეგ მისი მედდა უყურებს და ადასტურებს, რომ პაციენტმა ნამდვილად მიიღო მედიკამენტი.

თუ კითხვა გაგიჩნდათ, თუ რატომ არის საჭირო ასეთი მჭიდრო მეთვალყურეობა, იმაში დასარწმუნებლად, რომ პაციენტმა წამლები ნამდვილად მიიღო – რადგან ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, დავრწმუნდეთ, რომ ტუბერკულოზის მქონე პირები მკურნალობას სრულყოფილად იტარებენ. ტუბერკულოზის მკურნალობა რამდენიმე თვე გრძელდება, საშუალოდ 4-6 თვე. წამალგამძლე ტუბერკულოზის მკურნალობა უფრო ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე წამლისადმი მგრძნობიარე შტამებისა.

საქართველოში ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა არსებობს. ტუბერკულოზთან დაკავშირებული ყველა მომსახურება უფასოა – როგორც ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო კვლევები, ასევე მკურნალობა და მკურნალობის პროცესში საჭირო გამოკვლევები. ტუბერკულოზის სამკურნალო ყველა არსებული მედიკამენტი ხელმისაწვდომია საქართველოშიც და როგორც აღინიშნა, მთლიანად უფასოა პაციენტისთვის.

ჯედაის დაბრუნება

ეს თავი ჯერ ცარიელია და ახალი ამბის ჩაწერას ელოდება. ჯედაი, რომლის დაბრუნებასაც ველოდებით, არა წამალი, არამედ ვაქცინა უნდა გახდეს, რომელიც ტუბერკულოზის პრევენციის, ანუ თავიდან არიდების შესაძლებლობას მოგვცემს. ტუბერკულოზი უძველესი დაავადებაა. ჩვენ საუკუნეები გვქონდა, რომ იგი კარგად შეგვესწავლა და მასთან ბრძოლის ტაქტიკა და სტრატეგია შეგვემუშავებინა. თუმცა მთავარ იარაღში ჯერ კიდევ ჩამორჩენა გვაქვს – ამ ეტაპზე არ არსებობს ეფექტური ვაქცინა. პანდემიამ დაგვანახა, რომ თანამედროვე მსოფლიო ყველანაირად მზადაა, ახალი და ეფექტური ვაქცინები სწრაფად შეიმუშავოს. დროა, ტუბერკულოზიც პრიორიტეტული დაავადებების რიგებში მოექცეს, და როგორც წლევანდელი ტუბერკულოზის მსოფლიო დღის სლოგანი გვეუბნება –

დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი.

ზემელვაისი – კაცი, რომელსაც არ დაუჯერეს

როგორც შეგპირდით, ჩვენს ბლოგზე ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისტორიასაც შევეხებით ხოლმე. ბევრი ვიფიქრეთ, ვისით დაგვეწყო. რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიის მამად წოდებული ჯონ სნოუ იოლი არჩევანია, მაგრამ მასზე პოსტს ცოტა ხნით გადავდებთ და სხვა, არანაკლებ საინტერესო ადამიანზე მოგიყვებით, რომელმაც დროს გაუსწრო და ეპიდემიოლოგიური მიდგომის გამოყენებით იმას მიხვდა, რასაც სხვები ვერ ხვდებოდნენ.

იგნაც ზემელვაისი უნგრელი ექიმი იყო, რომელიც 1846 წლიდან ვენის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა. 1846 წელი – კაცობრიობის ისტორიისთვის არც ისე დიდი ხნის წინ, თუმცა მედიცინის ისტორიისთვის – უსაშველოდ დიდი ხნის წინ იყო. ეს ის დროა, როცა განათლებულ ექიმებს აღარ სჯერათ, რომ დაავადებებს ავი სულები და დემონები იწვევენ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი და აღმოსაჩენი. მიკროორგანიზმების არსებობის შესახებ გარკვეული წარმოდგენა არსებობს (მიკროსკოპი ჯერ კიდევ ორი საუკუნით ადრე შექმნა ლევენჰუკმა და ზოგი მიკროორგანიზმიც აღმოაჩინა), თუმცა იმის, რომ ამ ორგანიზმებს დაავადების გამოწვევა შეუძლიათ, ჯერ არავის სჯერა. ლონდონში ქოლერას ეპიდემია უკვე დაწყებულია, თუმცა ჯონ სნოუს თავისი აღმოჩენები ჯერ არ გაუკეთებია და ისევ ყველას ჰგონია, რომ ქოლერას არა ბაქტერია, არამედ სიმყრალე იწვევს. ლუი პასტერი ჯერ კიდევ სტუდენტია და, შესაბამისად, ბაქტერიები რომ დაავადებებს იწვევენ და ვაქცინაციით ზოგი მათგანის პრევენცია შეიძლება, ჯერ არ დაუმტკიცებია. რობერტ კოხი კი ჯერ სულ სამი წლისაა, შესაბამისად, მიკროორგანიზმებისა და დაავადებების ურთიერთკავშირის განმსაზღვრელი კრიტერიუმები (ე.წ. კოხის პოსტულატები), სავარაუდოდ, ჯერ არ შეუმუშავებია (აქ სიტყვა „სავარაუდოდ“ თავის დაზღვევის მიზნით ჩავამატე – კოხი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი იყო და ვინ იცის, იქნებ სამი წლის ასაკში უკვე ბაქტერიებზე ფიქრობდა). სწორედ ამ პერიოდში უკვე გამოჩნდნენ ზემელვაისისნაირი პიონერები, რომლებიც დაავადების მიზეზების პოვნას სტატისტიკური დათვლებითა და შედარებების გამოყენებით ცდილობდნენ.

დავუბრუნდეთ 1846 წელს, როცა ზემელვაისმა ვენის ერთ-ერთი საავადმყოფოს სამშობიარო სახლში დაიწყო მუშაობა. მუშაობის დაწყებისთანავე, ზემელვაისის ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ მშობიარე ქალებში საკმაოდ ხშირი იყო მშობიარობის შემდგომი ცხელება, რომელიც სიკვდილით მთავრდებოდა. ზემელვაისს სურდა ამ ხშირი სიკვდილობის მიზეზის დადგენა, ამიტომ თავისი ინიციატივით მონაცემების შეგროვება დაიწყო. უფრო კონკრეტულად კი, სამშობიარო სახლის ორი სხვადასხვა განყოფილების შედარება მოინდომა. ერთ განყოფილებაში სამედიცინო პერსონალს წარმოადგენდნენ მხოლოდ კაცი ექიმები და სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტები. მეორე განყოფილებაში კი – მხოლოდ ბებიაქალები. ზემელვაისმა ორივე განყოფილებაში სიკვდილის შემთხვევების რაოდენობები და პროცენტული წილი დაითვალა და თავისთვის და ყველასთვის მოულოდნელი შედეგი მიიღო – კაცი ექიმებითა და სტუდენტებით დაკომპლექტებულ განყოფილებაში მშობიარობისშემდგომი ცხელება და შესაბამისად, ამით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები ოთხ-ხუთჯერ უფრო ხშირი იყო, ვიდრე იმ განყოფილებაში, სადაც მშობიარობას მხოლოდ ბებიაქალები ატარებდნენ. 

ზემელვაისი ამ უცნაური მიგნების მიზეზების ძიებას შეუდგა და ამ განყოფილებებს შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს ჩაეძია. რამდენიმე საწყისი თეორია მალევე გამორიცხა. იქნებ პაციენტებით ზედმეტად გადავსებული განყოფილება იყო მაღალი სიკვდილობის მიზეზი? ეს თეორია უსაფუძვლო გამოდგა, რადგან მეორე (ბებიაქალების) განყოფილებაში უფრო მეტი პაციენტი იყო მჭიდროდ მოთავსებული, არადა სიკვდილობა იქ უფრო დაბალი იყო. კლიმატური ფაქტორებიც ვერ იქნებოდა დამნაშავე – ორი განყოფილება ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობდა. განსხვავებების შესწავლისას შეამჩნია, რომ პირველ განყოფილებაში ქალებს ზურგზე მწოლიარედ ამშობიარებდნენ, ხოლო ბებიაქალების განყოფილებაში – გვერდულად მწოლიარეს. იქნებ ეს იყო მიზეზი? საბედნიეროდ, ზემელვაისს კლინიკაში საკმარისად მაღალი პოზიცია ეკავა და თავისი თეორიების შემოწმება შეეძლო. პირველი განყოფილების ექიმებს დაავალა, რომ მშობიარობა ამიერიდან გვერდულად მწოლიარე პოზიციაში ჩაეტარებინათ. სამწუხაროდ ამ ცვლილებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო – პირველ განყოფილებაში ორსულთა სიკვდილობა ისევ მაღალი სიხშირით გაგრძელდა. შემდეგი თეორია მღვდელს უკავშირდებოდა: ზემელვაისმა აღმოაჩინა, რომ პირველ განყოფილებაში მელოგინე ქალის გარდაცვალებისას ყოველთვის მოჰყავდათ მღვდელი, რომელიც ზარების რეკვით მთელ განყოფილებას ჩამოივლიდა ხოლმე. ზემელვაისმა იეჭვა, რომ ეს რიტუალი დანარჩენ ქალებს იმდენად თრგუნავდა, რომ მათ ნაწილში ავადმყოფობას იწვევდა. ამ თეორიის შესამოწმებლად ზემელვაისმა ახალი წესი შემოიღო – გარდაცვლილისთვის წესის ასაგებად მღვდელი შედარებით მოკლედ გზით, პირდაპირ გარდაცვლილთან და თანაც, ზარების გარეშე უნდა მიეყვანათ. კვლავ სამწუხაროდ, ამ ცვლილებასაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია – პირველ განყოფილებაში დედების სიკვდილობა არ შემცირებულა.

სასოწარკვეთილ ზემელვაისს თეორიები ამოეწურა. ცოტა ხნით შესვენების აღება გადაწყვიტა და ვენეციაში გაემგზავრა. თუმცა მას სიკვდილი ვენეციაშიც დაეწია – სწორედ ამ დროს მისი კოლეგა და მეგობარი, პათოლოგანატომი იაკობ  კოლეჩკა გარდაიცვალა. შვებულებიდან დაბრუნებულმა ზემელვაისმა კოლეგის სიკვდილის ამბავი დაწვრილებით მოიკვლია. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ნამშობიარები ქალის გვამის გაკვეთისას იაკობს შემთხვევით სკალპელი შეერჭო და მალევე გარდაიცვალა. კოლეგის სიმპტომების გამოკითხვამ და მოგვიანებით მისმა ავტოფსიამ აჩვენა, რომ იაკობსაც იგივე დაავადების ნიშნები ჰქონდა, რაც მელოგინე ქალებში ასეთი ხშირი იყო. ზემელვაისმა მაშინვე იეჭვა, რომ დაავადება გვამებიდან ადამიანებს შეიძლებოდა გადასდებოდათ ე.წ. „გვამური ნაწილაკების“ საშუალებით, რომელიც იაკობის სისხლში სკალპელის ჭრილობით მოხვდა. ამ მიგნებამ ზემელვაისის სხვა კითხვასაც გასცა პასუხი: რატომ კვდებოდა უფრო მეტი ქალი მშობიარობის შემდგომ ექიმებისა და სტუდენტების განყოფილებაში და ნაკლები – ბებიაქალების განყოფილებაში? საქმე ისაა, რომ ექიმები და სტუდენტები ავტოფსიის განყოფილებაში  გვამების გაკვეთაზეც მუშაობდნენ, ბებიაქალები კი მხოლოდ სამშობიარო განყოფილებაში ატარებდნენ მთელ სამუშაო დროს და მათი საქმიანობა მშობიარეთა მოვლით შემოიფარგლებოდა. ასე დაებადა ზემელვაისს ახალი თეორია, რომ მშობიარეებში დაავადებას „გვამური ნაწილაკები“ იწვევდა, რომლებიც ექიმებისა და სტუდენტების ხელებზე გვამის გაკვეთისას ხვდებოდა, ექიმები და სტუდენტები კი შემდეგ ამ ხელებით მშობიარობას ატარებდნენ, ნაწილაკები მშობიარე ქალების სისხლში გადადიოდა და მათში დაავადებას, ზოგ შემთხვევაში კი სიკვდილს იწვევდა. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაავადების გამოწვევის მიკრობული თეორია ჯერ არ არსებობდა, ამიტომ ზემელვაისმაც არ იცოდა, რომ ეს „გვამური ნაწილაკები“, რომლებიც ნამდვილად გვამიდან პაციენტზე გადაჰქონდათ ექიმებსა და სტუდენტებს,  სინამდვილეში ბაქტერიები იყო. მიუხედავად ზუსტი გამომწვევის არცოდნისა, ზემელვაისს მაინც მიეცა ხელჩასაჭიდი თეორია, რომლის დამტკიცებასაც სწრაფადვე შეუდგა. მან განყოფილებაში ახალი წესი შემოიტანა – ყველა ექიმსა და სტუდენტს გვამზე მუშაობასა და პაციენტთან კონტაქტს შორის ხელები საფუძვლიანად უნდა დაებანა და ქლორიანი ხსნარით დაემუშავებინა. ქლორი რომ მიკრობებს კარგად უმკლავდება, ამჟამად უკვე დამტკიცებულია, მაგრამ ზემელვაისის დროს ქლორის ანტისეპტიკური თვისებები ჯერ არ იყო ცნობილი. ზემელვაისმა არჩევანი მასზე მხოლოდ იმიტომ შეაჩერა, რომ გვამურ სუნს ყველაზე კარგად ქლორიანი ხსნარი აქრობდა. ზემელვაისმა დაავადების გამომწვევი მექანიზმის სრულყოფილად ამოცნობა იმდროინდელი სამეცნიერო ცოდნის ნაკლებობის გამო ვერ შეძლო, თუმცა პრობლემის გადაჭრის გზას მაინც სწორად მიაგნო. ახალმა წესმა შედეგი ძალიან სწრაფად გამოიღო – პირველ განყოფილებაში მელოგინეთა სიკვდილობამ 90%-ით იკლო და სულ მალე გაუტოლდა მეორე განყოფილებაში მელოგინეთა სიკვდილობას. 

ძალიან მინდა, ამ ამბის თხრობა შემდეგი სიტყვებით გავაგრძელო: „იმ დროინდელმა სამედიცინო საზოგადოებამ სწრაფად აიტაცა ზემელვაისის მიგნება, სხვა მკვლევრებმაც ყურადღება მიაქციეს სანიტარული მდგომარეობისა და ავადმყოფობების კავშირს და სულ რამდენიმე წელიწადში საყოველთაო სტანდარტად იქცა სამედიცინო პერსონალის მიერ ხელების ხშირი დაბანა სადეზინფექციო სითხით, სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაცია და სხვა სანიტარული ნორმების დაცვა, თავად ზემელვაისმა კი მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც მილიონობით დედის გადამრჩენელმა“. თუმცა ამ ამბავს ბევრად უფრო ტრაგიკული და შავბნელი გაგრძელება აქვს.

შემდეგი თვრამეტი წლის მანძილზე, ზემელვაისის სიკვდილამდე, მისი თეორია მუდმივი განხილვის საგანს წარმოადგენდა და თავად ზემელვაისმაც ბევრი ცხოვრებისეული ორომტრიალი გადაიტანა, რომლის დეტალურად მოთხრობით თავს აღარ შეგაწყენთ. სამწუხაროდ, ზემელვაისის აღმოჩენამ მის ცხოვრებაში საყოველთაო აღიარება ვერ მოიპოვა. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა,  რომ ექიმებს უჭირდათ ეღიარებინათ, ამდენი პაციენტის სიკვდილში მათივე ხელი რომ ერია, რის გამოც ზემელვაისის თეორიას კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ. ზემელვაისის თეორიის ფართოდ აღიარებას ის ფაქტიც ართულებდა, რომ თავად ზემელვაისი საკმაოდ უხეში კაცი ყოფილა და დიპლომატიური უნარებით საერთოდ არ გამოირჩეოდა. თავისი თეორიის ყველა მოწინააღმდეგეს დამამცირებლად მოიხსენიებდა და მკვლელებს ეძახდა, ამიტომ მოკლე ხანში ძალიან ბევრი მტერი შეიძინა, მომხრე კი – ძალიან ცოტა. სულ მალე მისსავე განყოფილებაში ექიმებმა ქლორიანი ხსნარით ხელების დამუშავება შეწყვიტეს, ზემელვაისი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ზემელვაისმა ევროპის სხვა ნაწილებშიც სცადა ექიმები დაერწმუნებინა, ქლორიანი ხსნარი გამოეყენებინათ, მაგრამ საყოველთაო მხარდაჭერა ვერსად მოიპოვა. თანდათანობით მისი ბრაზი იმატებდა, ფსიქიკური მდგომარეობა კი უარესდებოდა. 1865 წელს 47 წლის ზემელვაისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ძალადობრივად შეიტყუეს და იზოლაციაში გამოკეტეს. ფსიქიატრიულში მოთავსებისას მიყენებული ერთ-ერთი ჭრილობა რამდენიმე კვირაში გაუმწვავდა, სავარაუდოდ სეფსისში გადაიზარდა და მისი სიკვდილის მიზეზიც გახდა – მიზეზი, რომელთან ბრძოლასაც მთელი სიცოცხლე შეალია.  

ზემელვაისის აღმოჩენა ახლანდელი პერსპექტივიდან არც თუ ისე სენსაციური თუ შთამბეჭდავი შეიძლება მოგეჩვენოთ – ერთი შეხედვით მან ხომ მხოლოდ ხელების დაბანა გვირჩია… მაგრამ, ეს აღმოჩენა იმაზე მნიშვნელოვანიც კია, ვიდრე ახლანდელი, ბევრად უფრო სენსაციური აღმოჩენები თუ გამოგონებები. თუ გავითვალისწინებთ მაშინდელ ცოდნას ანტისეპტიკასა და ასეპტიკაზე (ანუ, ცოდნის არარსებობას), იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, რაც ზემელვასიმა მაშინ მოახერხა, ბევრად უფრო რთული გამოჩნდება, ვიდრე ახლანდელი ცოდნისა და ინფორმაციის ჭრილიდან ჩანს. როგორც ხედავთ, კაცობრიობისთვის ბევრი რამ მუდმივი რჩება – მაგალითად, ის უნდობლობა, რომლითაც, სამედიცინო საზოგადოებაც კი, ზემელვაისის აღმოჩენას შეხვდა. შესაძლოა, ამან უახლოესი წარსულიც გაგახსენათ, რაც გვარწმუნებს, რომ მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა არ არის ხოლმე მიზეზი და განტოლებაში კიდევ ერთი, ან მეტი წევრია საჭირო საზოგადოების დასარწმუნებლად და ზეგავლენის მოსახდენად. თუმცა, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ…