ტუბერკულოზი – უსასროლო ომი

ძალიან დიდი თავშეკავება მჭირდებოდა, რომ ამ ბლოგზე ტუბერკულოზზე არაფერი არ დამეწერა. მოთმინების ეს უნარი ნამდვილად გასაკვირია, ტუბერკულოზი ხომ ერთ-ერთი უძველესი ინფექციაა და შესაბამისად, ყველაში უდიდეს ინტერესს იწვევს!

მაგრამ მეტი მოთმინება აღარ მოგვიწევს.

ლოდინი დასრულდა.

ჩვენი დრო მოვიდა!

რადგან..

24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება და როდის, თუ არა ახლა, და სად, თუ არა აქ, ტუბერკულოზზე უნდა ვისაუბროთ.

ტუბერკულოზის აღსანიშნავად 24 მარტი საგანგებოდ შერჩეული თარიღია. 1882 წელს, სწორედ ამ დღეს, გერმანელი ექიმი და მიკრობიოლოგი, რობერტ კოხი, ბერლინში გერმანულ ფიზიოლოგიურ ასოციაციის წინაშე გამოვიდა და განაცხადა, რომ ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა და მან ამ დაავადების გამომწვევი აღმოაჩინა.

ეს იმ დროისთვის უდიდესი მოვლენა იყო. მანამდე ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ ტუბერკულოზი თანდაყოლილ დაავადებას წარმოადგენდა. შესაბამისად, ტუბერკულოზს გადამდებად არ მიიჩნევდნენ და არც დაავადების გავრცელების პრევენციისთვის შესაბამის ზომებს იღებდნენ. ინფექციური დაავადების შემთხვევაში გამომწვევის აღმოჩენა და მისი ბუნების დადგენა უმნიშვნელოვანესია დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციისთვის.

შესაბამისად, ალბათ წარმოგიდგენიათ, თუ როგორ შეხვდა სამედიცინო საზოგადოება კოხის გამოსვლას…

..ამ განცხადებას განსაკუთრებული რეაქცია არ მოჰყოლია. მეტიც, გამოჩენილი მეცნიერი რუდოლფ ვირხოვი, კოხის განცხადებას სკეპტიკურად შეხვდა. ის მიკრობული თეორიის მოწინააღმდეგე იყო და მხოლოდ თავისი თეორიის სჯეროდა, რომლითაც ყველა დაავადების გამომწვევად უჯრედების გაუმართავ აქტივობას მიიჩნევდა. ვირხოვისგან ეს რეაქცია ადვილი გასაგებია – ის ყველაფერს უჯრედის შიგნიდან უყურებდა და როგორც ჩანს, დიდი სურათის დანახვა უჭირდა. მისი მოსაზრება, რომ ყველა დაავადება უჯრედების გაუმართავი მუშაობით არის გამოწვეული, არასწორი არ არის, რადგან ორგანიზმი უჯრედებისგან არის აგებული და ბუნებრივია, ყველა დარღვევა უჯრედის და უჯრედული პროცესების დარღვევასთან არის დაკავშირებული. მაგრამ ეს არაფრით გამორიცხავს, რომ ტუბერკულოზს მიკობაქტერია იწვევს, რომელიც, ასევე, ორგანიზმში უჯრედების მთლიანობას არღვევს.

საბოლოოდ, სამედიცინო საზოგადოებამ კოხის აღმოჩენა აღიარა და 1905 წელს ამ აღმოჩენისთვის მან ნობელის პრემია მიიღო ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან არსებობს, დღესდღეობით განკურნებადი დაავადებაა და სამკურნალო მედიკამენტებიც არსებობს, ტუბერკულოზი მაინც რჩება მსოფლიო ჯანდაცვის გამოწვევად. ტუბერკულოზი მეორე ადგილზეა ყველაზე მომაკვდინებელ ინფექციურ დაავადებებს შორის (პირველ ადგილზე COVID-19-ა). 2022 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზით 1.3 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ანუ, მხოლოდ ერთ წელიწადში ტუბერკულოზმა მილიონზე მეტი ადამიანი მოკლა. ხოლო იმავე წელს, 10.6 მილიონი ადამიანი დაავადდა. ეს ტენდენცია ბოლო წლებში მსგავსია, ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ხდება ავად ტუბერკულოზით.

ტუბერკულოზის დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჯერ კიდევ ეგვიპტურ მუმიებშია აღმოჩენილი, რომლებიც ქრისტეშობამდე 2400 წლით თარიღდება. თუმცა დაავადების ბუნებისა და გამომწვევის შესახებ 1882 წლამდე არაფერი იყო ცნობილი.

სიყვარული ჟამიანობის დროს

მე-19 საუკუნეში ტუბერკულოზი რომანტიკულ საბურველში იყო გახვეული. მწერლები და პოეტები ამ სასიკვდილო დაავადებას მგზნებარედ და აღფრთოვანებით ასახავდნენ თავიანთ ნაწარმოებებში. ამ დამოკიდებულებამ ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ ქალები ხშირად სახეს თეთრად იპუდრავდნენ, რათა ტუბერკულოზით დაავადებულივით გაფითრებული კანი ჰქონოდათ.

შოპენი უსაზღვრო სინატიფით ახველებს

– წერდა ჟორჟ სანდი მადამ დაგუს წერილში თავისი შეყვარებულის, ფრედერიკ შოპენის შესახებ. სანდი ტუბერკულოზით დაავადებულ შოპენს საბრალო მელანქოლიურ ანგელოზს ეძახდა.

მსურს, ტუბერკულოზით მოვკვდე – ამბობდა ლორდი ბაირონი, რამაც ხელი შეუწყო დაავადების როგორც ხელოვანების დაავადებად პოპულარიზებას.

ცოტა უცნაურად ჟღერს იმ დაავადების გარომანტიზება, რომლის დროსაც სისხლს ახველებ, ძალღონეს კარგავ და მუდმივად სიცხე გაქვს, არა? ჰო, მე-19 საუკუნეში ხალხი ცოტა უცნაური იყო. ალბათ იმიტომ, რომ ამდენი თავისუფალი დროის ინსტაგრამისა და ტიკტოკის სქროლვაში გატარების შესაძლებლობა არ ჰქონდათ და სანაცვლოდ, დროს რომელიმე დაავადების გარომანტიზებაში ხარჯავდნენ.

ახალი იმედი

მე-20 საუკუნე მრავალი აღმოჩენის საუკუნე იყო. კაცობრიობამ დიდი ნახტომი გააკეთა ყველა სფეროში, მათ შორის, მედიცინაშიც. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა ალექსანდერ ფლემინგმა პენიცილინი, პირველი ანტიბიოტიკი, რომელმაც მრავალი ინფექციური დაავადების მკურნალობაში უდიდესი როლი შეასრულა. ცოტა ხანშივე აღმოაჩინეს სტრეპტომიცინი, რომელიც ტუბერკულოზის სამკურნალო პირველ მედიკამენტად იქცა, ხოლო შემდეგ პარაამინოსალიცილის მჟავა (რომელსაც ტუბერკულოზის სფეროში მომუშავენი შინაურულად პას-ს ვეძახით). სტრეპტომიცინი და პას-ი კომბინაციაში სამკურნალოდ გამოიყენებოდა. მალე უშუალოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები, იზონიაზიდი და რიფამპიცინი გამოჩნდა. ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიის გარსი საკმაოდ მედეგია, ამიტომ ანტიბიოტიკების უმეტესობა მასთან უძლურია. ხოლო იზონიაზიდი და რიფამპცინი კი მას კარგად ერეოდნენ. ეს ორი მედიკამენტი დღემდე რჩება ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტებად.

ტუბერკულოზის საპასუხო დარტყმა

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკების გამოჩენამ კაცობრიობას იმედი მოგვცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი დაავადება დამარცხდებოდა. თუმცა ეს იმედი მალევე მიინავლა, როდესაც 80-იან წლებში ტუბერკულოზის წამალგამძლე შტამები გამოჩნდა. ანუ, როგორც ტუბერკულოზმა, ასევე იმპერიამ საპასუხო დარტყმა 80-იან წლებში განახორციელეს (🚨 Nerd alert). მსოფლიოში  შემთხვევების ზრდის საპასუხოდ, 1993 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ტუბერკულოზი გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

წამალგამძლე შტამებთან საბრძოლველად მეამბოხეები.. უკაცრავად, მეცნიერები, დატრიალდნენ და ახალი ანტიბიოტიკებიც შეიმუშავეს, ზოგიერტი არსებული ანტიბიოტიკი (რომლებიც სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა) ახალი დანიშნულებით გამოიყენეს და ტუბერკულოზის წამალგამძლე ფორმისთვის ახალი სამკურნალო რეჟიმები შეიმუშავეს, რაც რამდენიმე მედიკამენტის კომბინაციას მოიცავდა.

ამჟამად ტუბერკულოზის როგორც წამლისადმი მგრძნობიარე, ასევე წამალგამძლე ფორმების მკურნალობისთვის შესაბამისი რეჟიმები არსებობს და ტუბერკულოზი სრულად განკურნებად დაავადებას მიეკუთვნება.

მსოფლიოში, ტუბერკულოზის სამკურნალოდ მედიკამენტების  უშუალო მეთვალყურეობით მიღების პრაქტიკაა დანერგილი, რაც გულისხმობს მედიკამენტის მედდის დაკვირვების ქვეშ მიღებას. ამ დროს პაციენტები ტუბ.დაწესებულებაში მიდიან და მედიკამენტებს ადგილზე იღებენ. იმისათვის, რომ პაციენტებისთვის უფრო კომფორტული და იოლი გამხდარიყო მედიკამენტების მიღება, ბოლო დროს ახალი მეთოდები დაინერგა. მაგალითად, წამლის ვიდეომეთვალყურეობით მიღება – ამ დროს პაციენტი მედდას ვიდეოზარით უკავშირდება და მისთვის სასურველი ადგილიდან (მაგ. სახლში) იღებს წამალს, შესაბამისად, ტუბ.დაწესებულებაში ყოველ დღე სიარული არ უწევს. ასევე შემუშავდა სპეციალური აპლიკაცია, რა დროსაც, პაციენტი წამლის მიღების პროცესში ვიდეოს იღებს და აპლიკაციაში ტვირთავს – ამ ვიდეოს შემდეგ მისი მედდა უყურებს და ადასტურებს, რომ პაციენტმა ნამდვილად მიიღო მედიკამენტი.

თუ კითხვა გაგიჩნდათ, თუ რატომ არის საჭირო ასეთი მჭიდრო მეთვალყურეობა, იმაში დასარწმუნებლად, რომ პაციენტმა წამლები ნამდვილად მიიღო – რადგან ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, დავრწმუნდეთ, რომ ტუბერკულოზის მქონე პირები მკურნალობას სრულყოფილად იტარებენ. ტუბერკულოზის მკურნალობა რამდენიმე თვე გრძელდება, საშუალოდ 4-6 თვე. წამალგამძლე ტუბერკულოზის მკურნალობა უფრო ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე წამლისადმი მგრძნობიარე შტამებისა.

საქართველოში ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა არსებობს. ტუბერკულოზთან დაკავშირებული ყველა მომსახურება უფასოა – როგორც ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო კვლევები, ასევე მკურნალობა და მკურნალობის პროცესში საჭირო გამოკვლევები. ტუბერკულოზის სამკურნალო ყველა არსებული მედიკამენტი ხელმისაწვდომია საქართველოშიც და როგორც აღინიშნა, მთლიანად უფასოა პაციენტისთვის.

ჯედაის დაბრუნება

ეს თავი ჯერ ცარიელია და ახალი ამბის ჩაწერას ელოდება. ჯედაი, რომლის დაბრუნებასაც ველოდებით, არა წამალი, არამედ ვაქცინა უნდა გახდეს, რომელიც ტუბერკულოზის პრევენციის, ანუ თავიდან არიდების შესაძლებლობას მოგვცემს. ტუბერკულოზი უძველესი დაავადებაა. ჩვენ საუკუნეები გვქონდა, რომ იგი კარგად შეგვესწავლა და მასთან ბრძოლის ტაქტიკა და სტრატეგია შეგვემუშავებინა. თუმცა მთავარ იარაღში ჯერ კიდევ ჩამორჩენა გვაქვს – ამ ეტაპზე არ არსებობს ეფექტური ვაქცინა. პანდემიამ დაგვანახა, რომ თანამედროვე მსოფლიო ყველანაირად მზადაა, ახალი და ეფექტური ვაქცინები სწრაფად შეიმუშავოს. დროა, ტუბერკულოზიც პრიორიტეტული დაავადებების რიგებში მოექცეს, და როგორც წლევანდელი ტუბერკულოზის მსოფლიო დღის სლოგანი გვეუბნება –

დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი.

ზემელვაისი – კაცი, რომელსაც არ დაუჯერეს

როგორც შეგპირდით, ჩვენს ბლოგზე ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისტორიასაც შევეხებით ხოლმე. ბევრი ვიფიქრეთ, ვისით დაგვეწყო. რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიის მამად წოდებული ჯონ სნოუ იოლი არჩევანია, მაგრამ მასზე პოსტს ცოტა ხნით გადავდებთ და სხვა, არანაკლებ საინტერესო ადამიანზე მოგიყვებით, რომელმაც დროს გაუსწრო და ეპიდემიოლოგიური მიდგომის გამოყენებით იმას მიხვდა, რასაც სხვები ვერ ხვდებოდნენ.

იგნაც ზემელვაისი უნგრელი ექიმი იყო, რომელიც 1846 წლიდან ვენის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა. 1846 წელი – კაცობრიობის ისტორიისთვის არც ისე დიდი ხნის წინ, თუმცა მედიცინის ისტორიისთვის – უსაშველოდ დიდი ხნის წინ იყო. ეს ის დროა, როცა განათლებულ ექიმებს აღარ სჯერათ, რომ დაავადებებს ავი სულები და დემონები იწვევენ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი და აღმოსაჩენი. მიკროორგანიზმების არსებობის შესახებ გარკვეული წარმოდგენა არსებობს (მიკროსკოპი ჯერ კიდევ ორი საუკუნით ადრე შექმნა ლევენჰუკმა და ზოგი მიკროორგანიზმიც აღმოაჩინა), თუმცა იმის, რომ ამ ორგანიზმებს დაავადების გამოწვევა შეუძლიათ, ჯერ არავის სჯერა. ლონდონში ქოლერას ეპიდემია უკვე დაწყებულია, თუმცა ჯონ სნოუს თავისი აღმოჩენები ჯერ არ გაუკეთებია და ისევ ყველას ჰგონია, რომ ქოლერას არა ბაქტერია, არამედ სიმყრალე იწვევს. ლუი პასტერი ჯერ კიდევ სტუდენტია და, შესაბამისად, ბაქტერიები რომ დაავადებებს იწვევენ და ვაქცინაციით ზოგი მათგანის პრევენცია შეიძლება, ჯერ არ დაუმტკიცებია. რობერტ კოხი კი ჯერ სულ სამი წლისაა, შესაბამისად, მიკროორგანიზმებისა და დაავადებების ურთიერთკავშირის განმსაზღვრელი კრიტერიუმები (ე.წ. კოხის პოსტულატები), სავარაუდოდ, ჯერ არ შეუმუშავებია (აქ სიტყვა „სავარაუდოდ“ თავის დაზღვევის მიზნით ჩავამატე – კოხი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი იყო და ვინ იცის, იქნებ სამი წლის ასაკში უკვე ბაქტერიებზე ფიქრობდა). სწორედ ამ პერიოდში უკვე გამოჩნდნენ ზემელვაისისნაირი პიონერები, რომლებიც დაავადების მიზეზების პოვნას სტატისტიკური დათვლებითა და შედარებების გამოყენებით ცდილობდნენ.

დავუბრუნდეთ 1846 წელს, როცა ზემელვაისმა ვენის ერთ-ერთი საავადმყოფოს სამშობიარო სახლში დაიწყო მუშაობა. მუშაობის დაწყებისთანავე, ზემელვაისის ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ მშობიარე ქალებში საკმაოდ ხშირი იყო მშობიარობის შემდგომი ცხელება, რომელიც სიკვდილით მთავრდებოდა. ზემელვაისს სურდა ამ ხშირი სიკვდილობის მიზეზის დადგენა, ამიტომ თავისი ინიციატივით მონაცემების შეგროვება დაიწყო. უფრო კონკრეტულად კი, სამშობიარო სახლის ორი სხვადასხვა განყოფილების შედარება მოინდომა. ერთ განყოფილებაში სამედიცინო პერსონალს წარმოადგენდნენ მხოლოდ კაცი ექიმები და სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტები. მეორე განყოფილებაში კი – მხოლოდ ბებიაქალები. ზემელვაისმა ორივე განყოფილებაში სიკვდილის შემთხვევების რაოდენობები და პროცენტული წილი დაითვალა და თავისთვის და ყველასთვის მოულოდნელი შედეგი მიიღო – კაცი ექიმებითა და სტუდენტებით დაკომპლექტებულ განყოფილებაში მშობიარობისშემდგომი ცხელება და შესაბამისად, ამით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები ოთხ-ხუთჯერ უფრო ხშირი იყო, ვიდრე იმ განყოფილებაში, სადაც მშობიარობას მხოლოდ ბებიაქალები ატარებდნენ. 

ზემელვაისი ამ უცნაური მიგნების მიზეზების ძიებას შეუდგა და ამ განყოფილებებს შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს ჩაეძია. რამდენიმე საწყისი თეორია მალევე გამორიცხა. იქნებ პაციენტებით ზედმეტად გადავსებული განყოფილება იყო მაღალი სიკვდილობის მიზეზი? ეს თეორია უსაფუძვლო გამოდგა, რადგან მეორე (ბებიაქალების) განყოფილებაში უფრო მეტი პაციენტი იყო მჭიდროდ მოთავსებული, არადა სიკვდილობა იქ უფრო დაბალი იყო. კლიმატური ფაქტორებიც ვერ იქნებოდა დამნაშავე – ორი განყოფილება ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობდა. განსხვავებების შესწავლისას შეამჩნია, რომ პირველ განყოფილებაში ქალებს ზურგზე მწოლიარედ ამშობიარებდნენ, ხოლო ბებიაქალების განყოფილებაში – გვერდულად მწოლიარეს. იქნებ ეს იყო მიზეზი? საბედნიეროდ, ზემელვაისს კლინიკაში საკმარისად მაღალი პოზიცია ეკავა და თავისი თეორიების შემოწმება შეეძლო. პირველი განყოფილების ექიმებს დაავალა, რომ მშობიარობა ამიერიდან გვერდულად მწოლიარე პოზიციაში ჩაეტარებინათ. სამწუხაროდ ამ ცვლილებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო – პირველ განყოფილებაში ორსულთა სიკვდილობა ისევ მაღალი სიხშირით გაგრძელდა. შემდეგი თეორია მღვდელს უკავშირდებოდა: ზემელვაისმა აღმოაჩინა, რომ პირველ განყოფილებაში მელოგინე ქალის გარდაცვალებისას ყოველთვის მოჰყავდათ მღვდელი, რომელიც ზარების რეკვით მთელ განყოფილებას ჩამოივლიდა ხოლმე. ზემელვაისმა იეჭვა, რომ ეს რიტუალი დანარჩენ ქალებს იმდენად თრგუნავდა, რომ მათ ნაწილში ავადმყოფობას იწვევდა. ამ თეორიის შესამოწმებლად ზემელვაისმა ახალი წესი შემოიღო – გარდაცვლილისთვის წესის ასაგებად მღვდელი შედარებით მოკლედ გზით, პირდაპირ გარდაცვლილთან და თანაც, ზარების გარეშე უნდა მიეყვანათ. კვლავ სამწუხაროდ, ამ ცვლილებასაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია – პირველ განყოფილებაში დედების სიკვდილობა არ შემცირებულა.

სასოწარკვეთილ ზემელვაისს თეორიები ამოეწურა. ცოტა ხნით შესვენების აღება გადაწყვიტა და ვენეციაში გაემგზავრა. თუმცა მას სიკვდილი ვენეციაშიც დაეწია – სწორედ ამ დროს მისი კოლეგა და მეგობარი, პათოლოგანატომი იაკობ  კოლეჩკა გარდაიცვალა. შვებულებიდან დაბრუნებულმა ზემელვაისმა კოლეგის სიკვდილის ამბავი დაწვრილებით მოიკვლია. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ნამშობიარები ქალის გვამის გაკვეთისას იაკობს შემთხვევით სკალპელი შეერჭო და მალევე გარდაიცვალა. კოლეგის სიმპტომების გამოკითხვამ და მოგვიანებით მისმა ავტოფსიამ აჩვენა, რომ იაკობსაც იგივე დაავადების ნიშნები ჰქონდა, რაც მელოგინე ქალებში ასეთი ხშირი იყო. ზემელვაისმა მაშინვე იეჭვა, რომ დაავადება გვამებიდან ადამიანებს შეიძლებოდა გადასდებოდათ ე.წ. „გვამური ნაწილაკების“ საშუალებით, რომელიც იაკობის სისხლში სკალპელის ჭრილობით მოხვდა. ამ მიგნებამ ზემელვაისის სხვა კითხვასაც გასცა პასუხი: რატომ კვდებოდა უფრო მეტი ქალი მშობიარობის შემდგომ ექიმებისა და სტუდენტების განყოფილებაში და ნაკლები – ბებიაქალების განყოფილებაში? საქმე ისაა, რომ ექიმები და სტუდენტები ავტოფსიის განყოფილებაში  გვამების გაკვეთაზეც მუშაობდნენ, ბებიაქალები კი მხოლოდ სამშობიარო განყოფილებაში ატარებდნენ მთელ სამუშაო დროს და მათი საქმიანობა მშობიარეთა მოვლით შემოიფარგლებოდა. ასე დაებადა ზემელვაისს ახალი თეორია, რომ მშობიარეებში დაავადებას „გვამური ნაწილაკები“ იწვევდა, რომლებიც ექიმებისა და სტუდენტების ხელებზე გვამის გაკვეთისას ხვდებოდა, ექიმები და სტუდენტები კი შემდეგ ამ ხელებით მშობიარობას ატარებდნენ, ნაწილაკები მშობიარე ქალების სისხლში გადადიოდა და მათში დაავადებას, ზოგ შემთხვევაში კი სიკვდილს იწვევდა. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაავადების გამოწვევის მიკრობული თეორია ჯერ არ არსებობდა, ამიტომ ზემელვაისმაც არ იცოდა, რომ ეს „გვამური ნაწილაკები“, რომლებიც ნამდვილად გვამიდან პაციენტზე გადაჰქონდათ ექიმებსა და სტუდენტებს,  სინამდვილეში ბაქტერიები იყო. მიუხედავად ზუსტი გამომწვევის არცოდნისა, ზემელვაისს მაინც მიეცა ხელჩასაჭიდი თეორია, რომლის დამტკიცებასაც სწრაფადვე შეუდგა. მან განყოფილებაში ახალი წესი შემოიტანა – ყველა ექიმსა და სტუდენტს გვამზე მუშაობასა და პაციენტთან კონტაქტს შორის ხელები საფუძვლიანად უნდა დაებანა და ქლორიანი ხსნარით დაემუშავებინა. ქლორი რომ მიკრობებს კარგად უმკლავდება, ამჟამად უკვე დამტკიცებულია, მაგრამ ზემელვაისის დროს ქლორის ანტისეპტიკური თვისებები ჯერ არ იყო ცნობილი. ზემელვაისმა არჩევანი მასზე მხოლოდ იმიტომ შეაჩერა, რომ გვამურ სუნს ყველაზე კარგად ქლორიანი ხსნარი აქრობდა. ზემელვაისმა დაავადების გამომწვევი მექანიზმის სრულყოფილად ამოცნობა იმდროინდელი სამეცნიერო ცოდნის ნაკლებობის გამო ვერ შეძლო, თუმცა პრობლემის გადაჭრის გზას მაინც სწორად მიაგნო. ახალმა წესმა შედეგი ძალიან სწრაფად გამოიღო – პირველ განყოფილებაში მელოგინეთა სიკვდილობამ 90%-ით იკლო და სულ მალე გაუტოლდა მეორე განყოფილებაში მელოგინეთა სიკვდილობას. 

ძალიან მინდა, ამ ამბის თხრობა შემდეგი სიტყვებით გავაგრძელო: „იმ დროინდელმა სამედიცინო საზოგადოებამ სწრაფად აიტაცა ზემელვაისის მიგნება, სხვა მკვლევრებმაც ყურადღება მიაქციეს სანიტარული მდგომარეობისა და ავადმყოფობების კავშირს და სულ რამდენიმე წელიწადში საყოველთაო სტანდარტად იქცა სამედიცინო პერსონალის მიერ ხელების ხშირი დაბანა სადეზინფექციო სითხით, სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაცია და სხვა სანიტარული ნორმების დაცვა, თავად ზემელვაისმა კი მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც მილიონობით დედის გადამრჩენელმა“. თუმცა ამ ამბავს ბევრად უფრო ტრაგიკული და შავბნელი გაგრძელება აქვს.

შემდეგი თვრამეტი წლის მანძილზე, ზემელვაისის სიკვდილამდე, მისი თეორია მუდმივი განხილვის საგანს წარმოადგენდა და თავად ზემელვაისმაც ბევრი ცხოვრებისეული ორომტრიალი გადაიტანა, რომლის დეტალურად მოთხრობით თავს აღარ შეგაწყენთ. სამწუხაროდ, ზემელვაისის აღმოჩენამ მის ცხოვრებაში საყოველთაო აღიარება ვერ მოიპოვა. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა,  რომ ექიმებს უჭირდათ ეღიარებინათ, ამდენი პაციენტის სიკვდილში მათივე ხელი რომ ერია, რის გამოც ზემელვაისის თეორიას კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ. ზემელვაისის თეორიის ფართოდ აღიარებას ის ფაქტიც ართულებდა, რომ თავად ზემელვაისი საკმაოდ უხეში კაცი ყოფილა და დიპლომატიური უნარებით საერთოდ არ გამოირჩეოდა. თავისი თეორიის ყველა მოწინააღმდეგეს დამამცირებლად მოიხსენიებდა და მკვლელებს ეძახდა, ამიტომ მოკლე ხანში ძალიან ბევრი მტერი შეიძინა, მომხრე კი – ძალიან ცოტა. სულ მალე მისსავე განყოფილებაში ექიმებმა ქლორიანი ხსნარით ხელების დამუშავება შეწყვიტეს, ზემელვაისი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ზემელვაისმა ევროპის სხვა ნაწილებშიც სცადა ექიმები დაერწმუნებინა, ქლორიანი ხსნარი გამოეყენებინათ, მაგრამ საყოველთაო მხარდაჭერა ვერსად მოიპოვა. თანდათანობით მისი ბრაზი იმატებდა, ფსიქიკური მდგომარეობა კი უარესდებოდა. 1865 წელს 47 წლის ზემელვაისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ძალადობრივად შეიტყუეს და იზოლაციაში გამოკეტეს. ფსიქიატრიულში მოთავსებისას მიყენებული ერთ-ერთი ჭრილობა რამდენიმე კვირაში გაუმწვავდა, სავარაუდოდ სეფსისში გადაიზარდა და მისი სიკვდილის მიზეზიც გახდა – მიზეზი, რომელთან ბრძოლასაც მთელი სიცოცხლე შეალია.  

ზემელვაისის აღმოჩენა ახლანდელი პერსპექტივიდან არც თუ ისე სენსაციური თუ შთამბეჭდავი შეიძლება მოგეჩვენოთ – ერთი შეხედვით მან ხომ მხოლოდ ხელების დაბანა გვირჩია… მაგრამ, ეს აღმოჩენა იმაზე მნიშვნელოვანიც კია, ვიდრე ახლანდელი, ბევრად უფრო სენსაციური აღმოჩენები თუ გამოგონებები. თუ გავითვალისწინებთ მაშინდელ ცოდნას ანტისეპტიკასა და ასეპტიკაზე (ანუ, ცოდნის არარსებობას), იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, რაც ზემელვასიმა მაშინ მოახერხა, ბევრად უფრო რთული გამოჩნდება, ვიდრე ახლანდელი ცოდნისა და ინფორმაციის ჭრილიდან ჩანს. როგორც ხედავთ, კაცობრიობისთვის ბევრი რამ მუდმივი რჩება – მაგალითად, ის უნდობლობა, რომლითაც, სამედიცინო საზოგადოებაც კი, ზემელვაისის აღმოჩენას შეხვდა. შესაძლოა, ამან უახლოესი წარსულიც გაგახსენათ, რაც გვარწმუნებს, რომ მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა არ არის ხოლმე მიზეზი და განტოლებაში კიდევ ერთი, ან მეტი წევრია საჭირო საზოგადოების დასარწმუნებლად და ზეგავლენის მოსახდენად. თუმცა, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ…

ნუ გეშინია, გაციებული ვარ

ეს ფრაზა, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვითქვამს (და მოგვისმენია), ნაწყვეტ-ნაწყვეტ, სრუტუნსა და ხველებას  შორის, სხვების თვალებში გაჩენილი შიშის გასაქარწყლებლად. თუმცა, ჩვენს დასაცავად უნდა ითქვას, რომ მაშინ თავადაც მტკიცედ გვჯეროდა, რომ გადამდები არ ვიყავით.

რა არის გაციება? “გაციების” ქვეშ ერთიანდება ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი ვირუსული ინფექციები, რომლებიც ძირითადად ვლინდება სურდოთი, ცემინებით, ყელის ტკივილით, მსუბუქი ხველითა და დაბალი ცხელებით. წინა წინადადებაში ყურადღება მიაქციეთ “ვირუსულს” – ყველა “გაციება” ვირუსული წარმოშობისაა და მხოლოდ სხეულის გადაციება ავად გახდომას არ იწვევს.

მინდა ვამბობდე, რომ შეციების გამო ავად გახდომის მითს წყალი შეუდგა, მაგრამ დღესაც, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა წრეებშიც კი ვისმენ, რომ უბრალოდ გაცივდნენ და ამიტომ ახველებთ, ამიტომ აქვთ სიცხე, სურდო თუ ყელის ტკივილი. ასეთი „გაციებების“ დროს, აუცილებლად არსებობს დამადასტურებელი ფაქტი წინა დღეს სიცივეში მოხვედრის, ახალდაბანილი თავით გარეთ გასვლის, ორპირში ჯდომის..

სხვა რა დამრჩენია, ვიფიქრო, რომ ადამიანებს ვირუსები ზედმეტად გვიყვარს, და ვცდილობთ, ყველანაირი ბრალეულობა ავარიდოთ. ამიტომ, რესპირატორულ სიმპტომების არსებობას ყველაფერს ვაბრალებთ, ვირუსის გარდა.

[რესპირატორული = სასუნთქ გზებთან დაკავშირებული]

დროა, ეს მიდგომა დასრულდეს – როგორც დავით გურამიშვილი იტყოდა, ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელი რა დავარქო?

მათთვის, ვისაც ბოლომდე წაკითხვა ეზარება, ან სპოილერები უყვარს – ჩვენს რესპირატორულ სიმპტომებში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ვირუსები არიან და არა გარედან მონაბერი გრილი ჰაერი, დაბალი ტემპერატურა, კონდიციონერი… ყველა ასეთი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ „გაციებას“ ვეძახით გადამდებია.

კიდევ ერთხელ გავიმეოროთ –

„გაციება“ გადამდებია.

დიახ, აი ასე. გუშინ რომ ღია ფანჯარაში გეძინათ და დღეს ყელი გტკივათ და სურდო გაქვთ, სინამდვილეში წინა დღეებში ვირუსით დაინფიცირდით, გადამდები ხართ და სხვებს მოერიდეთ. თუ გინდათ, რომ მათაც არ მოუწიოთ სიმპტომების დაწყების შემდეგ ტვინის ჭყლეტა, თუ სად მოხვდნენ წინა დღეს ისეთ სიტუაციაში, სადაც შეიძლებოდა „გაციებულიყვნენ“.

ვიცი, მხოლოდ ეს დამაჯერებელი არაა, მეტი ინფორმაცია გჭირდებათ. რადგან „გაციება“ და „გავცივდი“ იმდენად ღრმად არის ჩამჯდარი ჩვენს გონებაში, რომ მეც ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იმაში დასარწმუნებლად, რომ გაციება არ არსებობდა, და ყველანაირი ყელის ტკივილი ვირუსისგან მოდიოდა (ყელის ზოგიერთი ტკივილი ვირუსისგან არ მოდის, ბაქტერიითაა გამოწვეული, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ).

მოდი, ცოტა უფრო ჩავუღრმავდეთ…

„მაგრამ, მაგრამ.. როცა ზამთარში ქუჩაში მივდივარ და ცხვირი მეწვის და სურდო მეწყება, ეს ვირუსი როგორაა?“ – ახლა როცა ამ პოსტს ვწერ, გვერდით რომ მეჯდეთ, აუცილებლად მეტყოდით რამე მსგავსს. თუმცა გამიმართლა, მარტო ვწერ და შემიძლია მშვიდად მოვუყარო აზრებს თავი, შეწყვეტინების გარეშე, რაც თქვენთვისაც უკეთესია და ჩემთვისაც.

დიახ, როცა სიცივეში ვხვდებით, ჩვენს ორგანიზმს შესაბამისი რეაქცია აქვს. შეიძლება ცხვირი და ლოყები გაგვიწითლდეს, სურდოს მაგვარი მოვლენები დაგვეწყოს, კანკალი აგვიტყდეს – ეს სიცივეზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და ვირუსთან არაფერი კავშირი აქვს. მაგრამ! ვირუსისგან განსხვავებით, ეს რეაქცია ხანმოკლეა და სითბოში გადასვლისას თავისით ალაგდება. თუ ქუჩაში იარეთ და მერე 8 დღე სურდო გაქვთ, მაღალი ტემპერატურისგან გაკანკალებთ და სახე გიპრიალებთ, ეს სიცივე კი არა, ვირუსული ინფექციაა. და, რა ხართ? მართალია – გადამდები!

ის, რასაც ჩვენ გაციებას ვეძახით, ზედა სასუნთქი გზების დაავადებაა, რომელიც 200-ზე მეტმა სხვადასხვა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს. ყველამ ერთდროულად არა – თუ ეს იფიქრეთ. ერთდროულად ერთი ვირუსი იქნება გამომწვევი, რომელიც უხშირესად რინოვირუსია. და თუ ვირუსი გაქვთ, შესაბამისად, იქნებით – რა? სწორია, ყოჩაღ! – გადამდები.

ახლა, როცა დავადგინეთ, რომ ნებისმიერი „გაციების“ შემთხვევაში გადამდებები ვართ, დროა, სცენაზე შემოვიყვანოთ გრიპის ვირუსი. გრიპი რომ გადამდებია, ყველამ ვიცით. ჩვენ სასუნთქი გზების სიმპტომებს ორად ვყოფთ – გაციებული (ანუ, როგორც ამ პოსტამდე ბევრს გვეგონა – არაგადამდები) და გრიპი – რომელზეც აქამდეც ყველა ვთანხმდებოდით, რომ გადამდები იყო (თუმცა, ამ პოსტის შემდეგ ყველას გვეცოდინება, რომ ორივე ვარიანტი გადამდებია).

სიტყვას მოჰყვა და ბარემ გავარჩიოთ, რა მსგავსება და განსხვავებაა „გაციებასა“ და გრიპს შორის.

პირველ რიგში, იმით ჰგვანან, რომ ორივე გადამდებია (კიდევ ერთხელ ვისარგებლე შემთხვევით, აღმენიშნა, რომ „გაციება“ გადამდებია) და ორივე რესპირატორული სიმპტომებით მიმდინარე დაავადებაა.

გრიპს კონკრეტული ვირუსი იწვევს, რომელსაც ინფლუენზა ჰქვია. კიდევ კარგი, ინფლუენსერებმა ბოლო დროს კონტენტ კრეატორები დაირქვეს, თორემ რაღაცნაირად „ინფლუენსერს“ ჰგავს და ალბათ არ ენდომებოდათ, მათი სახელი რომ გადამდებ ვირუსულ დაავადებასთან ასოცირებულიყო. ხოლო „გაციება“ (არ მომბეზრდება „გაციების“ ბრჭყალებში წერა) სხვადასხვა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს. გრიპს უფრო მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, „გაციება“ კი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

მაშ ასე, ზედა აბზაციდან ორი საკვანძო ინფორმაცია შევიტყვეთ:

  1. „გაციება“ სხვადასხვა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს და ყველა შემთხვევაში გადამდებია;
  2. გრიპს კი კონკრეტული ვირუსი, ინფლუენზა იწვევს, და უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე „გაციება“.

რადგან ორივე სასუნთქი გზების დაავადებაა, მათი გარჩევა საკმაოდ რთულია და ზოგ შემთხვევაში – შეუძლებელი. თუმცა ზუსტი დიაგნოზი ლაბორატორიული ანალიზით შეიძლება დაისვას. გამოვლინების მხრივ, გრიპის სიმპტომები უეცრად და მკვეთრად იწყება და მოიცავს შემცივნებას, მაღალ ტემპერატურას, ხველას, ყელის ტკივილს, სურდოს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, თავის ტკივილს და დაღლილობას. ხოლო „გაციების“ სიმპტომები კი შედარებით მსუბუქია და უფრო ნელა იწყება. ქვევით მოცემულ ცხრილში უკეთ დაინახავთ განსხვავებებს. ფოტოს ხარისხზე პრეტენზიებით არ მოგვმართოთ, ფეინთშია გაკეთებული, მაგრამ სათქმელს გადმოსცემს.

„როგორც ვხედავ, „გაციება“ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, დისტანცირებას რაღა აზრი აქვს, სჯობს ყველამ მოვიხადოთ“ – ალბათ გაიფიქრებთ. თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის. ჯანმრთელი ადამიანისთვის „გაციება“ მართლაც ადვილად გადასატანია, რამდენიმე დღიან დისკომფორტს თუ არ ჩავთვლით. მაგრამ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს იმავენაირი დამცავი მექანიზმები არ აქვთ და შეიძლება ისე გაურთულდეთ, რომ ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო, ზოგ შემთხვევაში კი სიკვდილითაც დასრულდეს. გარდა ამისა, გრიპის და „გაციების“ განსხვავება საკმაოდ რთულია, გრიპი კი კიდევ უფრო დიდი რისკების შემცველია ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. ამიტომ, თუკი რომელიმე რესპირატორული ვირუსით დაინფიცირდით, სასურველია, შეძლებისდაგვარად შორს დაიჭიროთ თავი სხვებისგან. სამსახურში რომ არ უნდა იაროთ, ამის თქმა არ უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ მაინც გეტყვით – სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციის მქონეებმა სამსახურში არ იაროთ.

(რედ. შენიშვნა: ძალიან კარგია. სადმე ისიც ხომ არ გვეხსენებინა, რომ გაციებაც გადამდებია?)

შესავალი, ანუ ეპიდემიოლოგიის რაობაზედ

კეთილი იყოს თქვენი ფეხი (?) ბლოგზე ეპიდემიოლოგიის შესახებ. ჩვენ, ბლოგის ავტორებმა, ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო პირველი პოსტი. როცა რაღაც ახალს იწყებ, გაქვს შეგრძნება, რომ ეს რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ამიტომ მასზე ფიქრს იმაზე მეტ დროს უთმობ, ვიდრე საჭიროა. ამდენი ფიქრის ნაცვლად სჯობდა პირდაპირ წერა დაგვეწყო და აქამდე რაღაც გამოვიდოდა.

წერა ფიქრის ნაცვლად!

რატომ დავუთმეთ ამდენი დრო ფიქრს და სხვა რა უნდა დაგვეწერა პირველი ეპიდემიოლოგიის ბლოგზე, თუ არა სიტყვა „ეპიდემიოლოგიის“ განმარტება? მართალია. ალბათ, სხვა ვარიანტი არც თქვენ გაქვთ. თუ გაქვთ, დააგვიანეთ – როგორც ხედავთ, პირველი პოსტი უკვე დავწერეთ.

მაშ, რა არის ეპიდემიოლოგია?

ეპიდემიოლოგია არის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანებში დაავადებების აღმოცენებას და გავრცელებას.

ზედმეტად მარტივი განმარტებაა? გეთანხმებით.

უფრო გავართულოთ.

ეპიდემიოლოგია წარმოადგენს მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის ადამიანებში დაავადებების, და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორების, აღმოცენებას, გავრცელებას და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს.

ჰმ, დაავადებები მხოლოდ ადამიანებში როდი ვრცელდება, ცხოველებშიც ხომ გვხვდება და ზოგ შემთხვევაში ადამიანებზეც გადადის?

აჰა, კულტურული ადამიანი ჩანხარ. უფრო დეტალურ განმარტებას შემოგთავაზებთ.

ეპიდემიოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობების გავრცელებასა და განმსაზღვრელ ფაქტორებს კონკრეტულ პოპულაციებში, და ამ სწავლების შესაბამისად გამოყენებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების კონტროლისთვის.

ჰუჰ, ეს ნაწილი გადავაგორეთ.

რახან ამდენ ხანს დარჩი, თავად სიტყვის მნიშვნელობაც დაგაინტერესებს.

ალბათ. მე პირადად, სიტყვის განმარტებები არასდროს მიყვარდა.

მაგრამ მათ, ვისაც აინტერესებს, არ დავჩაგრავთ.

სიტყვა „ეპიდემიოლოგია“ ორი ნაწილისგან შედგება, რომლებიც ძველი ბერძნულიდან მოდის:

პიდემოს – “ხალხში”, “ხალხში გავრცელებული”

ლოგოს –  „სიტყვა“, „სწავლება“

ანუ, სიტყვასიტყვით, ეპიდემიოლოგია ნიშნავს „სწავლება იმისა, რაც ხალხშია“.

ალბათ, ეს პოსტი რომ 2020 წლამდე დაგვეწერა, უფრო მეტს შევეცდებოდით, რომ ეპიდემიოლოგიით დაგვეინტერესებინეთ, რადგან მაშინ,  ზოგადად ეპიდემიოლოგიის შესახებ ყველას ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. თუმცა, ბუნდოვანი წარმოდგენა ბევრ რამეზე გვაქვს, მაგრამ ინტერესი მაინც არსებობს, რომ მეტი შევიტყოთ. ეპიდემიოლოგიის შემთხვევაში ასე არ ყოფილა. უმეტესობა არჩევდა, ეს წარმოდგენა ბუნდოვანადვე დარჩენილიყო. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა როცა..

(აქ კითხვისას, გონებაში ხმას აუწიეთ და ტელევიზორში გამოცხადებული სენსაციური ნიუსების ხმით წაიკითხეთ)

2020 წელს დამპალმა და გარყვნილმა ამერიკამ ჩინელებს ახალი ვირუსის შექმნა და გაშვება დაუკვეთა!..

მართალი ხართ, ეს ხუმრობა მოძველდა. დანამდვილებით არავინ ვიცით, მაინც როგორ გავრცელდა მაშინ კორონავირუსი. მხოლოდ ის ვიცით, რომ გავრცელდა და პანდემია გამოიწვია. თუმცა, ამ პოსტში პანდემიაზე არ ვსაუბრობთ (შვებით ნუ ამოისუნთქეთ, სხვა პოსტებში ბევრს ვისაუბრებთ, ჰაჰაჰა) და ისევ ეპიდემიოლოგიას დავუბრუნდებით – მაგრამ ყველაფერი შეიცვალა როცა 2020 წელს დამპალმა და გარყვნილმა ამერიკამ… კარგი, კარგი, ხომ ვთქვით, ეს ხუმრობა მოძველდა-თქო.

ყველაფერი შეიცვალა, როცა პანდემია დაიწყო და უცებ ყველას მოუნდა, გაეგო, რა იყო ეპიდემიოლოგია.

ჰაჰა, ეს კარგად ვიხუმრე. არავის მონდომებია გაეგო, რა იყო ეპიდემიოლოგია, ყველა ეგრევე ეპიდემიოლოგი გახდა. და ეს ბლოგი არის შურისძიება ყველა თქვენგანზე, რომლებიც გვასწავლიდით როგორ მოვქცეულიყავით მაშინ, ახლა ჩვენ გასწავლით რა არის ეპიდემიოლოგია და როგორ ცდებოდით მაშინ! აჰა, ესეც თქვენ!

არა, ესეც ხუმრობა იყო. სანახევროდ.. არა, მესამედით (ამით გაჩვენეთ, რომ მათემატიკაც  ვიცით. იმიტომ რომ, რომ არ გვცოდნოდა, გვეგონებოდა რომ მესამედი უფრო მეტია ვიდრე ნახევარი).

იმედია, ამ პოსტს რედაქტორი ჰყავს და რამეს უშველის, თორემ ძალიან შორს გადავუხვიეთ.

(ძალიან ხომ არ გადავუხვიეთ? ალბათ ჯობს ხუმრობები ცოტა ამოვაკლოთ და ეპიდემიოლოგიას დავუბრუნდეთ [რედ. შენიშვნა])

მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი თვალები (ზოგ შემთხვევაში, თითებიც, თუ კომენტარს დაწერთ და წარმატებას გვისურვებთ) ამ ბლოგზე ეპიდემიოლოგიის შესახებ.

რას უნდა ელოდოთ?

       მოძველებულ ხუმრობებს და უცნაურ იუმორს! (ვინმემ დაარედაქტირეთ ეს პოსტი!) (გვეყოფა-მეთქი ხუმრობები [რედ. შენიშვნა])

–  საინტერესო ფაქტებს ეპიდემიოლოგიის შესახებ

–  ამბებს გამოჩენილი ადამიანებზე, ვინც ეპიდემიოლოგიაში თავისი წვლილი შეიტანა – ბლოგის ავტორები ჯონ სნოუზე ვლოცულობთ ყოველ საღამოს (ოჰ, არა. გთხოვთ, ის შავმოსასხამიანი და სევდიანი სახის ახალგაზრდა კაცი ნუ წარმოგიდგათ თვალწინ (რა თქმა უნდა, Game of Thrones ჩვენც გვაქვს ნანახი). ეს ბლოგი შეეცდება, რომ „ჯონ სნოუს“ გაგონებისას, გონებაში პირველი ოდნავ თმაშეთხელებული, ფრაკიანი ჯენტლმენი წარმოგიდგეთ და არა კიტ ჰარინგტონი)

–  და რა თქმა უნდა.. ისევ მოძველებულ ხუმრობებს და უცნაურ იუმორს (სერიოზულად, სად არის რედაქტორი??) იუმორნარევი და მარტივი ენით გადმოცემულ ამბებს ეპიდემიოლოგიის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე (რედ. შენიშვნა).

– საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს სიახლეების, მიღწევებისა და გამოწვევების მიმოხილვას (ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა რაღაა? აქამდე არ გიხსენებიათ. ალბათ ჯობს რომელიმე შემდეგ პოსტში ეგეც ახსნათ [რედ. შენიშვნა]).

შემდეგ პანდემიამ.. პოსტამდე!