ჩვენ შესახებ

გამარჯობა. შეგიძლიათ დათო, დავითი ან ბალა დამიძახოთ. ჯანმრთელობის სფეროში ვმოღვაწეობ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ პირადი და გარე ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედებით, კარიერული მიმართულება ოდნავ შევიცვალე, ექიმობის ნაცვლად საზოგადოებრივი ჯანმრთელობით, უფრო კონკრეტულად კი ეპიდემიოლოგიით დავინტერესდი და შესაბამის მაგისტრატურაზე დავიწყე სწავლა. ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, საბოლოოდ ეპიდემიოლოგიის დოქტორანტურაში აღმოვჩნდი აშშ-ში, ქალაქ ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში. ორწლიანი სალექციო პერიოდის, თითქმის ერთკვირიანი და ჯამში 23-საათიანი საკვალიფიკაციო გამოცდის, დისერტაციაზე კიდევ 2 წლიანი მუშაობის და დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და ამჟამად ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ადგილობრივ ოფისში ვმუშაობ.

ჩემი ძირითადი ინტერესის სფერო ინფექციური დაავადებებია, უფრო კონკრეტულად კი დაავადება, რომელმაც ბოლო ორასი წლის განმავლობაში უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე მალარიამ, გრიპმა, ყვავილმა, აივ/შიდსმა, ქოლერამ და შავმა ჭირმა ერთად. იმედია ცოტათი მაინც დაგაინტერესეთ. ადრე თუ გვიან ამ დაავადებაზეც დავწერთ…

მე ეპიდემიოლოგი ვარ. კორონავირუსის „წყალობით“ ახლა უფრო მეტმა ადამიანმა იცის ეპიდემიოლოგიის არსებობის შესახებ, თუმცა ზუსტად რას წარმოადგენს ეპიდემიოლოგია, ბევრმა ზუსტად მაინც არ იცის. ხშირად ეპიდემიოლოგი და ინფექციონისტი ერევათ ერთმანეთში. ექიმი, რომელიც ინფექციური დაავადების მქონე პაციენტს მკურნალობს, ინფექციონისტია. ეპიდემიოლოგი პაციენტს არ მკურნალობს (რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანს ორივე სპეციალობა ჰქონდეს და ერთდროულად ინფექციონისტიც იყოს და ეპიდემიოლოგიც, თუმცა აუცილებელი არაა). ალბათ მთავარი მიზეზი იმისა, რომ ადამიანების უმეტესობამ ეპიდემიოლოგიის არსი და მნიშვნელობა არ იცის, სწორედ პაციენტებთან ურთიერთობის ნაკლებობაა. ჩვენ, ეპიდემიოლოგების დიდი ნაწილი, ძირითადად ოფისში შეყუჟულები ვმუშაობთ, ინფორმაციას ვიღებთ, ვამუშავებთ, სტატისტიკურ ანალიზს ვატარებთ, ვწერთ ანგარიშებს, სტრატეგიებს, სამეცნიერო სტატიებს, რეკომენდაციებს, შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებებს ვაწვდით ინფორმაციას ან თავად ვართ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე. ასე რომ, „მუცელი მტკივა და რა დავლიო“ კითხვაზე, დიდი ალბათობით, კვალიფიციურ პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა შეგვიძლია სანდო ექიმებთან გადაგამისამართოთ.

თუ ვინმე ჩემი ბიოგრაფიით ან შრომებით დაინტერესდებით, შეგიძლიათ იხილოთ ჩემი პროფილი რამდენიმე პლატფორმაზე:


მე კი ნატალია ვარ – შევეცადეთ, ბლოგზე გენდერული ბალანსი დაგვეცვა (მთხრობელი: არანარი მცდელობა არ ჰქონიათ, თავისთავად მოხდა).

ჩემი და დათოს საგანმანათლებლო გზა მსგავსად იწყება – მეც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დავამთავრე. თუმცა, უნივერსიტეტში ჩვენ ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობდით და მხოლოდ მოგვიანებით, პოსტდიპლომურად გადაიკვეთა ჩვენი გზები. მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა რეზიდენტურაში გავაგრძელე, შინაგანი მედიცინის მიმართულებით. თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო (და როცა ვამბობთ „გარკვეულ მიზეზებს“, ამაში, როგორც წესი, რამე კარგი არ იგულისხმება), რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ, ჩემი და ექიმობის გზები გაიყო. უფრო სწორად, ოდნავ გადავუხვიე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით გავაგრძელე. მას შემდეგ ამ გზას მივყვები: დავამთავრე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრატურა, შემდეგ ვიყავი აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის, ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა მომეცა, ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტში ლექციებს დავსწრებოდი. ამჟამად კი ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამაზე. ჩემს ძირითად ინტერესის სფეროს, უკვე მე-8 წელია, ტუბერკულოზი წარმოადგენს. თუმცა ბოლო დროს ცოტ-ცოტა აივ ინფექციასა და ც ჰეპატიტსაც გადავწვდი – რადგან ჩემი დოქტორანტურის მთავარი თემა აივ, ც ჰეპატიტის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგია. ანუ, ინფექციური დაავადებების გარშემო ვტრიალებ, რაც ცოტა ირონიულია, რადგან სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას, ყველაზე ნაკლებად ინფექციური დაავადებები მიყვარდა, ხოლო მათ შორის ტუბერკულოზი – კიდევ უფრო ნაკლებად. 

როცა დათომ ამ ბლოგში თანამონაწილეობა შემომთავაზა, ერთი წამიც არ დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი, რადგან, ამ შესაძლებლობას არც ერთი უარყოფითი და უამრავი დადებითი რამ ჰქონდა: წერა ძალიან მიყვარს, ასევე მიყვარს ეპიდემიოლოგია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს) და სხვებს ჩემს ცოდნას და გამოცდილებას სიამოვნებით ვუზიარებ. გარდა ამისა, დათოსთან  კოლაბორაციის არაერთი გამოცდილება მაქვს და ყველა ეს თანამშრომლობა (საქმიანი თუ არასაქმიანი) ყოველთვის სასიამოვნო და კომფორტული აღმოჩნდა. იმედი მაქვს (გვაქვს) ეს ახალი თანამშრომლობაც ასეთი იქნება, როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვის.