როგორც შეგპირდით, ჩვენს ბლოგზე ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისტორიასაც შევეხებით ხოლმე. ბევრი ვიფიქრეთ, ვისით დაგვეწყო. რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიის მამად წოდებული ჯონ სნოუ იოლი არჩევანია, მაგრამ მასზე პოსტს ცოტა ხნით გადავდებთ და სხვა, არანაკლებ საინტერესო ადამიანზე მოგიყვებით, რომელმაც დროს გაუსწრო და ეპიდემიოლოგიური მიდგომის გამოყენებით იმას მიხვდა, რასაც სხვები ვერ ხვდებოდნენ.

იგნაც ზემელვაისი უნგრელი ექიმი იყო, რომელიც 1846 წლიდან ვენის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა. 1846 წელი – კაცობრიობის ისტორიისთვის არც ისე დიდი ხნის წინ, თუმცა მედიცინის ისტორიისთვის – უსაშველოდ დიდი ხნის წინ იყო. ეს ის დროა, როცა განათლებულ ექიმებს აღარ სჯერათ, რომ დაავადებებს ავი სულები და დემონები იწვევენ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი და აღმოსაჩენი. მიკროორგანიზმების არსებობის შესახებ გარკვეული წარმოდგენა არსებობს (მიკროსკოპი ჯერ კიდევ ორი საუკუნით ადრე შექმნა ლევენჰუკმა და ზოგი მიკროორგანიზმიც აღმოაჩინა), თუმცა იმის, რომ ამ ორგანიზმებს დაავადების გამოწვევა შეუძლიათ, ჯერ არავის სჯერა. ლონდონში ქოლერას ეპიდემია უკვე დაწყებულია, თუმცა ჯონ სნოუს თავისი აღმოჩენები ჯერ არ გაუკეთებია და ისევ ყველას ჰგონია, რომ ქოლერას არა ბაქტერია, არამედ სიმყრალე იწვევს. ლუი პასტერი ჯერ კიდევ სტუდენტია და, შესაბამისად, ბაქტერიები რომ დაავადებებს იწვევენ და ვაქცინაციით ზოგი მათგანის პრევენცია შეიძლება, ჯერ არ დაუმტკიცებია. რობერტ კოხი კი ჯერ სულ სამი წლისაა, შესაბამისად, მიკროორგანიზმებისა და დაავადებების ურთიერთკავშირის განმსაზღვრელი კრიტერიუმები (ე.წ. კოხის პოსტულატები), სავარაუდოდ, ჯერ არ შეუმუშავებია (აქ სიტყვა „სავარაუდოდ“ თავის დაზღვევის მიზნით ჩავამატე – კოხი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი იყო და ვინ იცის, იქნებ სამი წლის ასაკში უკვე ბაქტერიებზე ფიქრობდა). სწორედ ამ პერიოდში უკვე გამოჩნდნენ ზემელვაისისნაირი პიონერები, რომლებიც დაავადების მიზეზების პოვნას სტატისტიკური დათვლებითა და შედარებების გამოყენებით ცდილობდნენ.
დავუბრუნდეთ 1846 წელს, როცა ზემელვაისმა ვენის ერთ-ერთი საავადმყოფოს სამშობიარო სახლში დაიწყო მუშაობა. მუშაობის დაწყებისთანავე, ზემელვაისის ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ მშობიარე ქალებში საკმაოდ ხშირი იყო მშობიარობის შემდგომი ცხელება, რომელიც სიკვდილით მთავრდებოდა. ზემელვაისს სურდა ამ ხშირი სიკვდილობის მიზეზის დადგენა, ამიტომ თავისი ინიციატივით მონაცემების შეგროვება დაიწყო. უფრო კონკრეტულად კი, სამშობიარო სახლის ორი სხვადასხვა განყოფილების შედარება მოინდომა. ერთ განყოფილებაში სამედიცინო პერსონალს წარმოადგენდნენ მხოლოდ კაცი ექიმები და სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტები. მეორე განყოფილებაში კი – მხოლოდ ბებიაქალები. ზემელვაისმა ორივე განყოფილებაში სიკვდილის შემთხვევების რაოდენობები და პროცენტული წილი დაითვალა და თავისთვის და ყველასთვის მოულოდნელი შედეგი მიიღო – კაცი ექიმებითა და სტუდენტებით დაკომპლექტებულ განყოფილებაში მშობიარობისშემდგომი ცხელება და შესაბამისად, ამით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები ოთხ-ხუთჯერ უფრო ხშირი იყო, ვიდრე იმ განყოფილებაში, სადაც მშობიარობას მხოლოდ ბებიაქალები ატარებდნენ.
ზემელვაისი ამ უცნაური მიგნების მიზეზების ძიებას შეუდგა და ამ განყოფილებებს შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს ჩაეძია. რამდენიმე საწყისი თეორია მალევე გამორიცხა. იქნებ პაციენტებით ზედმეტად გადავსებული განყოფილება იყო მაღალი სიკვდილობის მიზეზი? ეს თეორია უსაფუძვლო გამოდგა, რადგან მეორე (ბებიაქალების) განყოფილებაში უფრო მეტი პაციენტი იყო მჭიდროდ მოთავსებული, არადა სიკვდილობა იქ უფრო დაბალი იყო. კლიმატური ფაქტორებიც ვერ იქნებოდა დამნაშავე – ორი განყოფილება ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობდა. განსხვავებების შესწავლისას შეამჩნია, რომ პირველ განყოფილებაში ქალებს ზურგზე მწოლიარედ ამშობიარებდნენ, ხოლო ბებიაქალების განყოფილებაში – გვერდულად მწოლიარეს. იქნებ ეს იყო მიზეზი? საბედნიეროდ, ზემელვაისს კლინიკაში საკმარისად მაღალი პოზიცია ეკავა და თავისი თეორიების შემოწმება შეეძლო. პირველი განყოფილების ექიმებს დაავალა, რომ მშობიარობა ამიერიდან გვერდულად მწოლიარე პოზიციაში ჩაეტარებინათ. სამწუხაროდ ამ ცვლილებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო – პირველ განყოფილებაში ორსულთა სიკვდილობა ისევ მაღალი სიხშირით გაგრძელდა. შემდეგი თეორია მღვდელს უკავშირდებოდა: ზემელვაისმა აღმოაჩინა, რომ პირველ განყოფილებაში მელოგინე ქალის გარდაცვალებისას ყოველთვის მოჰყავდათ მღვდელი, რომელიც ზარების რეკვით მთელ განყოფილებას ჩამოივლიდა ხოლმე. ზემელვაისმა იეჭვა, რომ ეს რიტუალი დანარჩენ ქალებს იმდენად თრგუნავდა, რომ მათ ნაწილში ავადმყოფობას იწვევდა. ამ თეორიის შესამოწმებლად ზემელვაისმა ახალი წესი შემოიღო – გარდაცვლილისთვის წესის ასაგებად მღვდელი შედარებით მოკლედ გზით, პირდაპირ გარდაცვლილთან და თანაც, ზარების გარეშე უნდა მიეყვანათ. კვლავ სამწუხაროდ, ამ ცვლილებასაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია – პირველ განყოფილებაში დედების სიკვდილობა არ შემცირებულა.
სასოწარკვეთილ ზემელვაისს თეორიები ამოეწურა. ცოტა ხნით შესვენების აღება გადაწყვიტა და ვენეციაში გაემგზავრა. თუმცა მას სიკვდილი ვენეციაშიც დაეწია – სწორედ ამ დროს მისი კოლეგა და მეგობარი, პათოლოგანატომი იაკობ კოლეჩკა გარდაიცვალა. შვებულებიდან დაბრუნებულმა ზემელვაისმა კოლეგის სიკვდილის ამბავი დაწვრილებით მოიკვლია. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ნამშობიარები ქალის გვამის გაკვეთისას იაკობს შემთხვევით სკალპელი შეერჭო და მალევე გარდაიცვალა. კოლეგის სიმპტომების გამოკითხვამ და მოგვიანებით მისმა ავტოფსიამ აჩვენა, რომ იაკობსაც იგივე დაავადების ნიშნები ჰქონდა, რაც მელოგინე ქალებში ასეთი ხშირი იყო. ზემელვაისმა მაშინვე იეჭვა, რომ დაავადება გვამებიდან ადამიანებს შეიძლებოდა გადასდებოდათ ე.წ. „გვამური ნაწილაკების“ საშუალებით, რომელიც იაკობის სისხლში სკალპელის ჭრილობით მოხვდა. ამ მიგნებამ ზემელვაისის სხვა კითხვასაც გასცა პასუხი: რატომ კვდებოდა უფრო მეტი ქალი მშობიარობის შემდგომ ექიმებისა და სტუდენტების განყოფილებაში და ნაკლები – ბებიაქალების განყოფილებაში? საქმე ისაა, რომ ექიმები და სტუდენტები ავტოფსიის განყოფილებაში გვამების გაკვეთაზეც მუშაობდნენ, ბებიაქალები კი მხოლოდ სამშობიარო განყოფილებაში ატარებდნენ მთელ სამუშაო დროს და მათი საქმიანობა მშობიარეთა მოვლით შემოიფარგლებოდა. ასე დაებადა ზემელვაისს ახალი თეორია, რომ მშობიარეებში დაავადებას „გვამური ნაწილაკები“ იწვევდა, რომლებიც ექიმებისა და სტუდენტების ხელებზე გვამის გაკვეთისას ხვდებოდა, ექიმები და სტუდენტები კი შემდეგ ამ ხელებით მშობიარობას ატარებდნენ, ნაწილაკები მშობიარე ქალების სისხლში გადადიოდა და მათში დაავადებას, ზოგ შემთხვევაში კი სიკვდილს იწვევდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაავადების გამოწვევის მიკრობული თეორია ჯერ არ არსებობდა, ამიტომ ზემელვაისმაც არ იცოდა, რომ ეს „გვამური ნაწილაკები“, რომლებიც ნამდვილად გვამიდან პაციენტზე გადაჰქონდათ ექიმებსა და სტუდენტებს, სინამდვილეში ბაქტერიები იყო. მიუხედავად ზუსტი გამომწვევის არცოდნისა, ზემელვაისს მაინც მიეცა ხელჩასაჭიდი თეორია, რომლის დამტკიცებასაც სწრაფადვე შეუდგა. მან განყოფილებაში ახალი წესი შემოიტანა – ყველა ექიმსა და სტუდენტს გვამზე მუშაობასა და პაციენტთან კონტაქტს შორის ხელები საფუძვლიანად უნდა დაებანა და ქლორიანი ხსნარით დაემუშავებინა. ქლორი რომ მიკრობებს კარგად უმკლავდება, ამჟამად უკვე დამტკიცებულია, მაგრამ ზემელვაისის დროს ქლორის ანტისეპტიკური თვისებები ჯერ არ იყო ცნობილი. ზემელვაისმა არჩევანი მასზე მხოლოდ იმიტომ შეაჩერა, რომ გვამურ სუნს ყველაზე კარგად ქლორიანი ხსნარი აქრობდა. ზემელვაისმა დაავადების გამომწვევი მექანიზმის სრულყოფილად ამოცნობა იმდროინდელი სამეცნიერო ცოდნის ნაკლებობის გამო ვერ შეძლო, თუმცა პრობლემის გადაჭრის გზას მაინც სწორად მიაგნო. ახალმა წესმა შედეგი ძალიან სწრაფად გამოიღო – პირველ განყოფილებაში მელოგინეთა სიკვდილობამ 90%-ით იკლო და სულ მალე გაუტოლდა მეორე განყოფილებაში მელოგინეთა სიკვდილობას.
ძალიან მინდა, ამ ამბის თხრობა შემდეგი სიტყვებით გავაგრძელო: „იმ დროინდელმა სამედიცინო საზოგადოებამ სწრაფად აიტაცა ზემელვაისის მიგნება, სხვა მკვლევრებმაც ყურადღება მიაქციეს სანიტარული მდგომარეობისა და ავადმყოფობების კავშირს და სულ რამდენიმე წელიწადში საყოველთაო სტანდარტად იქცა სამედიცინო პერსონალის მიერ ხელების ხშირი დაბანა სადეზინფექციო სითხით, სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაცია და სხვა სანიტარული ნორმების დაცვა, თავად ზემელვაისმა კი მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც მილიონობით დედის გადამრჩენელმა“. თუმცა ამ ამბავს ბევრად უფრო ტრაგიკული და შავბნელი გაგრძელება აქვს.
შემდეგი თვრამეტი წლის მანძილზე, ზემელვაისის სიკვდილამდე, მისი თეორია მუდმივი განხილვის საგანს წარმოადგენდა და თავად ზემელვაისმაც ბევრი ცხოვრებისეული ორომტრიალი გადაიტანა, რომლის დეტალურად მოთხრობით თავს აღარ შეგაწყენთ. სამწუხაროდ, ზემელვაისის აღმოჩენამ მის ცხოვრებაში საყოველთაო აღიარება ვერ მოიპოვა. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ექიმებს უჭირდათ ეღიარებინათ, ამდენი პაციენტის სიკვდილში მათივე ხელი რომ ერია, რის გამოც ზემელვაისის თეორიას კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ. ზემელვაისის თეორიის ფართოდ აღიარებას ის ფაქტიც ართულებდა, რომ თავად ზემელვაისი საკმაოდ უხეში კაცი ყოფილა და დიპლომატიური უნარებით საერთოდ არ გამოირჩეოდა. თავისი თეორიის ყველა მოწინააღმდეგეს დამამცირებლად მოიხსენიებდა და მკვლელებს ეძახდა, ამიტომ მოკლე ხანში ძალიან ბევრი მტერი შეიძინა, მომხრე კი – ძალიან ცოტა. სულ მალე მისსავე განყოფილებაში ექიმებმა ქლორიანი ხსნარით ხელების დამუშავება შეწყვიტეს, ზემელვაისი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ზემელვაისმა ევროპის სხვა ნაწილებშიც სცადა ექიმები დაერწმუნებინა, ქლორიანი ხსნარი გამოეყენებინათ, მაგრამ საყოველთაო მხარდაჭერა ვერსად მოიპოვა. თანდათანობით მისი ბრაზი იმატებდა, ფსიქიკური მდგომარეობა კი უარესდებოდა. 1865 წელს 47 წლის ზემელვაისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ძალადობრივად შეიტყუეს და იზოლაციაში გამოკეტეს. ფსიქიატრიულში მოთავსებისას მიყენებული ერთ-ერთი ჭრილობა რამდენიმე კვირაში გაუმწვავდა, სავარაუდოდ სეფსისში გადაიზარდა და მისი სიკვდილის მიზეზიც გახდა – მიზეზი, რომელთან ბრძოლასაც მთელი სიცოცხლე შეალია.
ზემელვაისის აღმოჩენა ახლანდელი პერსპექტივიდან არც თუ ისე სენსაციური თუ შთამბეჭდავი შეიძლება მოგეჩვენოთ – ერთი შეხედვით მან ხომ მხოლოდ ხელების დაბანა გვირჩია… მაგრამ, ეს აღმოჩენა იმაზე მნიშვნელოვანიც კია, ვიდრე ახლანდელი, ბევრად უფრო სენსაციური აღმოჩენები თუ გამოგონებები. თუ გავითვალისწინებთ მაშინდელ ცოდნას ანტისეპტიკასა და ასეპტიკაზე (ანუ, ცოდნის არარსებობას), იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, რაც ზემელვასიმა მაშინ მოახერხა, ბევრად უფრო რთული გამოჩნდება, ვიდრე ახლანდელი ცოდნისა და ინფორმაციის ჭრილიდან ჩანს. როგორც ხედავთ, კაცობრიობისთვის ბევრი რამ მუდმივი რჩება – მაგალითად, ის უნდობლობა, რომლითაც, სამედიცინო საზოგადოებაც კი, ზემელვაისის აღმოჩენას შეხვდა. შესაძლოა, ამან უახლოესი წარსულიც გაგახსენათ, რაც გვარწმუნებს, რომ მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა არ არის ხოლმე მიზეზი და განტოლებაში კიდევ ერთი, ან მეტი წევრია საჭირო საზოგადოების დასარწმუნებლად და ზეგავლენის მოსახდენად. თუმცა, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ…

